პროექტის შესახებ
პროექტის აღწერა
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა რუსთავის ჭალის ტყეების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და აღდგენა-განაშენიანების სამოქმედო გეგმა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ტყის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ენდემური სახეობების გამრავლებას, ნარჩენებისგან ტყის გაწმენდით სამუშაოებს, უსაფრთხოების ზომების გატარებას, ეკოტურიზმის ხელშეწყობას, საფეხმავლო ბილიკებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობას, საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიების წარმოებას.
რუსთავის ჭალის ტყე, მისი ამჟამინდელი სახით მთლიანად არის დაშორებული რუსთავის მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისგან და ნაცვლად იმისა რომ წარმოადგენდეს ქალაქის გამორჩეულ სარეკრეაციო არეალს - ადამიანებისა და ბუნების შეხვედრის ადგილს, დღესდღეობით გადაქცეულია მარგინალურ, საფრთხის შემცველ ტერიტორიად.
მიზანი
პროექტის გრძელვადიანი მიზანია რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიის ბუნებრივ პარკად აღდგენა, რომელიც დატვირთული იქნება საზოგადოების რეკრეაციული, არაფორმალური და გარემოსდაცვითი აქტივობებით. პროექტი მიზნად ისახავს რუსთავის ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ეკოსისტემის გაძლიერებას ველური ბუნების არსებული ნიმუშების შენარჩუნებით, ახალი სახეობების დარგვითა და მშენებლობისას ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით.
შედეგი
პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს რუსთავის ჭალის ტყის მიმზიდველობას, როგორც ადგილობრივი ისე ტურისტული მიმართულებით და გააუმჯობესებს მის რეკრეაციულ შესაძლებლობებს. შესაბამისად, სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობასა და ქვეყნის ეკონომიკას.